უმისამართო წერილი

Изображение

«- მე შენ მიყვარხარ! 
-არა გჯერა? 
-ვიცი, რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ მეოცე საუკუნეში, 
თითქოს გაიცვითა და აღარავინ აღარ იჯერებს. 
ხომ შენც ასე ფიქრობ და ალბათ ამიტომ ხარ ასე შორს და არ გჯერა ჩემი. 
მე კი… მე კი ისევ იმის თქმა მინდა რომ 

მე შენ მიყვარხარ! 
ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს ირგვლივ შენს გარეშე. 
ურთიერთობას ვეღარ ვახერხებ ვერც სულიერთან, ვერც უსულოსთან. 
ისინი მე გამირბიან. 
თითქოს დაიცალა მთელი სამყარო და დავბორიალებ უსახო სიცარიელეში. დილით რომ ვიღვიძებ, საშინელი სევდა მომყვება ხოლმე სიზმარეული ქვეყნიდან. 
ყოველ ღამე სიზმარში გხედავ, ისეთს, როგორიც იყავ — 
დილა არის. 
თოვს. 
ფანჯრიდან გხედავ რომ ჩემი სახლის წინ დგეხარ და მელოდები. 
თოვს. 
ზეცა ნებივრობს შენს კულულებზე, თეთრი ფანტელებით გეალერსება, სახეზე გათოვს. 
მე შინიდან გიყურებ და კარგა ხანს გარეთ არ გამოვდივარ. 
ამ წუთში შენ ზეციდან მოფრენილ ანგელოზს გევხარ. 
დგახარ ჩემს ფანჯარასთავ და მელოდები.
სახეზე გათოვს. შენ ცაში იყურები და გეჩვენება, რომ მაღლდები, ზემოთ მიფრინავ. 
ეს მასწავლებელმა გვასწავლა პირველ კლასში. შემოდგომაზე რომ მოვიდა თოვლი, კლასიდან გარეთ გამოგვიყვანა და დაგვაყენა. 
თოვდა. 
მასწავლებელმა ცაში აგვახედა. 
სახეზე თოვლის ფიფქები გვეფინებოდა და უცებ ყველას ნეტარების წამოძახილი აღმოგვხდა — ჩვენ ცაში ავფრინდით! 
ეს რა თქმა უნდა მოგვეჩვენა. 
ასე იცის, როცა თოვაში მაღლა იყურები. 
მაგრამ მაშინ ჩვენ ეს არ ვიცოდით და რატომღაც ყველამ დაბლა დავიხედეთ, რომ გვენახა, მასწავლებელიც მოფრინავდა თუ არა. 
როგორ გვეწყინა, რომ ისევ მიწაზე ვიდექით. 
მერე ხშირად ვმაღლდებოდით ხოლმე თოვაში. 
შენ ჩემს ფანჯარასთან დგეხარ და სახეზე გათოვს, ვიცი რომ ამ წუთში მაღლა მიფრინავ და არ გამოვდივარ სახლიდან, არ მინდა მიწაზე დაგცე. 
— დაგაგვიანდა! — მეუბნება დედაჩემი. 
თოვს. 
მე ვერ ვბედავ გარეთ გამოსვლას. 
ახლა ჩვენ მეექვსე კლასში ვართ და რა თქმა უნდა, ის მასწავლებელი აღარ გვასწავლის. 
იცი რა მახსოვს? 
ერთხელ დავალება მოგვცა: წიგნიდან ლამაზად უნდა გადაგვეწერა მოთხრობა. მე მთელი ღამე ვწერდი. 
დილით რომ გავიღვიძე, ჩემს ბიძაშვილს, ჩვენზე ერთი წლით წინ რომ სწავლობდა იმას, გამურული ტაფა დაედგა ჩემს ნაწერზე. 
მეტი რა გზა მქონდა, ის გათხუპნული ნაწერი წამოვიღე.
ხელის კანკალით გადავუშალე მასწავლებელს, დარწმუნებულმა, რომ ერთიანს თუ არა, ორიანს ნამდვილად დამიწერდა. 
თქვენ ყველანი მე მიყურებდით შემკრთალი თვალებით. 
მასწავლებელმა ხუთიანი დამიწერა. 
თოვს… 
შენ უცებ თავს დახრი და ფანჯრისკენ მოიხედავ. 
შენ ახლა ისევ მიწაზე ხარ და მე გულადად გამოვდივარ სახლიდან. 
თოვს. 
ჩვენ სკოლაში მივდივართ. 

— მე შენ მიყვარხარ… 
— დამიჯერე რა. 
— ვიცი რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ და ალბათ ამიტომ ხარ ასე შორს ჩემგან და არა გჯერა ჩემი. მე კი… 
მე კი რაც დრო გადის უფრო მიყვარხარ. 
ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს ირგვლივ შენს გარეშე. 
ზოგჯერ მეშინია კიდეც; სიმარტოვისა მეშინია. 
დილით რომ ვიღვიძებ, საშინელი სევდა მომყვება ხოლმე სიზმარეული ქვეყნიდან. ყოველ ღამე სიზმარში გხედავ, ისეთს, როგორიც იყავ. 

შენ არ იცი რატომ გავაცდინე მაშინ სკოლა. 
თავი რომ მქონდა გატეხილი, იმას გეუბნები. იქნებ არც უნდა გითხრა, მაგრამ იმიტომ ვამბობ, მაშინ რომ მოგატყუე ხიდან ჩამოვვარდი მეთქი, ტყუილი მინდა დავიბრუნო. 
მერვე კლასელმა ბიჭებმა მცემეს სკოლის უკან… 
მაგრამ თურმე აღარაფერი ბრუნდება უკან. 
მე დროში გავლილ მოვლენებზე გეუბნები. ის რაც იყო, ერთხელ იყო, განსაზღვრულ დროში და განსაზღვრულ სივრცეში. 
მე მაშინ მოგატყუე. 
სხვასაც რამდენ რამეს გატყუებდი. 
გეუბნებოდი რომ ქალაქში ვიყავი და იქ სპილოები და აქლემები ვნახე მეთქი. 
ერთხელ ისიც მოგატყუე, რომ შენი სახლის უკან დევი ვნახე ღამე — შენ გჯეროდა. 
რატომ გატყუებდი არ ვიცი. ალბათ ვაჟკაცად მინდოდა დამენახვებინა თავი. 
ერთხელ სიზმარში გნახე, რომ ბეღურა იყავი და დაფრინავდი. 
ვიღაცამ ქვა გესროლა და ფრთა მოგტეხა, შენ ჭინჭრებში ჩავარდი. მოვედი, აგიყვანე. კანკალებდი. 
მე უბეში ჩაგისვი და ისე ვტიროდი, გულს ვიგდებინებდი. 
მეგონა თუ ასე ვიტირებდი არ მოკვდებოდი… 
დედაჩემმა შეშინებულმა გამომაღვიძა — ეტყობა ცხადად ვტიროდი. 
ბავშვობა მაინც სხვანაირი იყო. ალბათ იმიტომ, რომ იქ შენ იყავი. ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული. 
ხოლო სამყარო არ დაბადებულა ერთხელ და სამუდამოდ, იგი მარადიულად იბადება. ყველაფერი მიიქცევა და კვლავ მოიქცევა. 
მე რატომღაც მგონია, რომ ისევ მოხვალ. 
იცი როგორ გელოდები. 
როდესმე ისევ წავალთ სკოლაში. პირველი თოვლი რომ მოვა მასწავლებელი გარეთ გამოგვიყვანს და ცაში აგვახედებს… 
სკოლის უკან ისევ მცემენ მერვეკლასელი ბიჭები და ისევ მოგატყუებ, რომ ხიდან ჩამოვვარდი. 
ისევ ვნახავ დევს სენი სახლის უკან. 
ისევ წავალ ქალაქში სპილოების სანახავად. 
ოღონდ დამიჯერე. სადაცა ხარ და როგორცა ხარ, იქ დამიჯერე რომ — სამყარო არ დაბადებულა ერთხელ და სამუდამოდ, იგი მარადიულად იბადება… 
ოღონდ დამიჯერე, რომ თუ ოდესმე კიდევ მოხვალ ამ მიწაზე, უკან გაუხსნელად არ დაგიბრუნებ შენს წერილებს და ამის გამო შენ თავს აღარ მოიკლავ… 
ორონდ დამიჯერე, რომ ეს იმიტომ კი არ გავაკეთე მაშინ, რომ არ მიყვარდი, პირიქით… 

მე შენ მიყვარხარ!» 

Реклама

9 შეკითხვა სიყვარულზე

გოდერძი ჩოხელი
ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ
1

— უკაცრავად. თქვენი სახელი?

— გოჩა.

— გვარი?

— ჩიფიკაშვილი.

— რამდენი წლისა ხარ, გოჩა?

— თექვსმეტის.

— შეყვარებული თუ გყავს?

— შეყვარებული?

— ჰო, რა იყო, რაზე გეცინება?

— რავი აბაა!

— რა ჰქვია?

— ვის?

— შენს შეყვარებულს.

— არ ვიცი.

— როგორ, სახელი არ იცი?

— არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.

— როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?

— რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .

2

— მართა პირველი.

— ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!

— მართლაა!

— ძალიან მომწონს.

— უი, დიდი მადლობა.

— მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით?

— უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი.

— რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?

— არა, მე გათხოვილი ვარ!

3

— თქვენი სახელი?

— ჩემი?!

— დიახ.

— კოლა, ნიკოლოზი, ისე ნიკიფორეს მეძახიან.

— თქვენ რომელი გირჩევნიათ?

— მეე, ნიკო.

— რა გვარი ბრძანდებით?

— ჩუქურთმიშვილი, ნიკიფორე ჩუქურთმიშვილი.

— ცოლ-შვილი გყავთ?

— პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი, ახლა ჯარშია, წერილს ველოდები, მეორისაგან ქალ-ბიჭნი, უმცროსი მერვეშია, უფროსი მეათეში, გოგო სჯობია სწავლითა, ბიჭი ყალთაბანდობს, არა უშავრა კია. . . ბიჭი ეგეთი სჯობია, გამაიჯეკება ყველა საქმეშია, მეც ეგრე არ ვიყავი, რო? მესამე ცოლი კიდევ უშვილო გამამადგა, მაგრამ რას იზამ, ვერ გააგდებ და ვერაფერი, ისეთი ძმები ჰყავ, რომა კაცი მჭამლები.

— რას იტყვით, რა არის სიყვარული?

— არ გაგიგონიაა, შიში შაიქმს სიყვარულსაო, ასპროცენტიანი ეგრეა; რა ვქნა უშვილო გამამადგა, მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო პირდაპირ კაციმჭამლები, მიყორს მა რა ვქნა, თავზეით რო ძალა აღარ არის, რას იზამ?

— შვილების სიყვარულზე რას იტყვით?

— აი, იმათ ენაცვალოთ მამა, აგრეე!

— ხომ ნახულობ?

— არა, ალიმენტ უგზავნი.

4

— რომელ კლასში ხარ ლადო?

— მეოთხეებში გადავდივარ.

— რა ნიშნები გყავს?

— რავიიი!

— შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო, მართლა?

— ორებს კი არა, ისაა.

— მაშ, რა ნიშნები გყავს?

— ხუთები, ოთხები და ალაგ-ალაგ სამები.

— რა გვარი ხარ?

— წიკლაური.

— შეყვარებული ხომ გყავს?

— შეყვარებული არა, ისაა!

— მე რომ მითხრეს ჰყავსო?

— არაფერიც.

— შენი კლასელია?

— ვინა?

— ის გოგო, შენ რომ გიყვარს.

— არავინაც არ მიყვარს.

— მე რომ მითხრეს?

— რა გითხრეს?

— ლადოს ის გოგო უყვარს, კლასში მის უკან რომ ზისო.

— უკან კი არა, წინ ზის – წამოსცდა ლადოს და სირცხვილისაგან აწითლებულმა თავი დახარა.

5

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

— მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე, ეგ ასაკი უკვე გავიარე.

— რა ასაკი.

— აი, კაცს რომ ჰგონია, სიყვარული მართლა რომ არსებობს.

— თქვენ გინდათ თქვათ რომ. . .

— დიახ, დიახ, ადრეც მეგონა, რომ არსებობდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ბავშვობის ილუზიები იყო.

— მერე როგორ მიხვდით, რომ არ არსებობს?

— სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ, დავშორდით. მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, ის ჯარში წავიდა.

— მერე?

— მერე ჩემს თანაკურსელზე გავთხოვდი.

— რატომ, არ გიყვარდათ?

— ჰმ, შენ რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ?

— მაინც?

— გიყვარს, არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ, რა შუაშია აქ სიტყვები, მთავარია ელემენტარული გაგება, ხომ?

— მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება?

— მე მგონი ბევრ რამეში, თუნდაც იმაში, რომ არ უნდა მთხოვდეს ანგარიშებს, სად ვიყავი, რატომ დავიგვიანე, ეს ხომ წვრილმანია, არა?

— გააჩნია, რა შემთხვევაში.

— ხომ გითხარი?

— რა მითხარით?

— ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთ-მეთქი.

— შერიგებას არ აპირებთ?

— ვისთან, იმასთან?!

— უკაცრავად.

— არაფერზე.

— და კიდევ ერთი კითხვა: ის ბიჭი რომ შეგხვდეს და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ, რას იზამთ?

— ვისზე ამბობთ?

— თქვენს თანაკლასელზე, მე მგონი აქამდე ცამოვიდოდა ჯარიდან.

— ააა, გოჩაზე ამბობთ? ის შემხვდა კიდეც, რომ გაიგო ქმართან გაცილებული ვიყავი, ასეო, ისეო, უშენოდ არ შემიძლიაო.

— მერე რა უთხარით?

— ვიფიქრებ მეთქი. იმ დღეს იანვრის ოცდაცხრა რიცხვი იყო, დავთქვით, თებერვლის ოცდაცხრაში შევხვედროდით ერთმანეთს და მაშინ ვეტყოდი ჩემს პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი, იმან ძველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. მოკლედ თუკი ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდა და ჩემი ახალი მისამართი იცოდა, ყველა გავაფრთხილე, არ ეთქვათ მისთვის ჩემი ახალი მისამართი.

— რატომ?

— იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ადრე მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მართლა მიყვარდა, ხომ ვერ გავძლებდი და თებერვლის ოცდაცხრაში დათქმულ ადგილზე შევხვდებოდი. არ მინდოდა შევხვედროდი მანმადე, გაიგე? ჩემს თავს ვამოწმებდი.

— მერე რა გაარკვიეთ?

— თებერვალი ოცდაცხრით კი არა ოცდარვით იყო.

— და ვეღარ შეხვდით?

— მე ოცდარვაშიც მივედი და პირველ მარტსაც.

— არ მოვიდა?

— ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცი, რა მითხრა? მაპატიე, ოცდაცხრა თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო.

— და აღარ გჯერათ?

— არავითარ შემთხვევაში.

— და მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით?

— რაღა თქმა უნდა, ურთიერთგაგება რომ იყოს, ისეთს.

6

— ბებოო?

— რაო, შვილო?

— სიყვარული რა არის?

— სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს!

7

— ჩემი სახელია აპოლონი.

— გვარი?

— მღებრიშვილი.

— სად მუშაობთ?

— იქ.

— სად იქ?

— ნუ, რა საჭიროა?

— შემთხვევა რო იყოს, სიყვარულის გულისათვის თუ დასთმობდით სიცოცხლეს?

— ვინა? მეეე ქალის გულისათვის, კაცო?! სიყვარული რაღა არის, რომ მისი გულისათვის სიცოცხლე გაწიროს კაცმა.

8

— ეხლანდელები ქაა?! ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა, გვიყვარსო! აეტუზებიან ერთმანეთსა და ჰპროშნიან. ზედაც არ გიყურებენ, გინდა ყოფილხარ იქა გინდა არა, გვიყვარსო! მერეე ქაა?! ეხლანდელი ცოლ-ქმარი რო დადიან, ეგრე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი?! თუ მაგათ სწავლა რომ აქ, სხვანაირი სიყვარული იციან? ჩემ ქმარს რო დავინახავდი, იგრე შამაზრიალებდა ტანში, როგორც რო რა? მაგრამა რას შავიმჩნევდი, სახელი რა არის, სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხშია, მრცხვენოდა. ისრე წავიდა შავ მიწაშია, მე იმისთვი თვალი არ გამიყრია თვალშია. ახლანდელები? ლამის არის, თვალებით დაჭამონ ერთმანეთი.

არა, ქაა! მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს.

არ მწამს და მამკალ, აჰა!

9

მეცხრე და ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.

ასე არ არის, მკითხველო?

სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:

— მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე?

ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ცასწვდება მის ბუნებას.

და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:

— დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.

ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!Изображение

«ცრურწმენები და სტერეოტიპები»

ცრურწმენები

ცრურწმენის კლასიკური განსაზღვრება ჩამოყალიბებულია ჰარვარდის გამოჩენილი ფსიქოლოგის გორდონ ოლპორტის მიერ, რომლის მიხედვითაც „ცრურწმენა არის მცდარ და ჯიუტ განზოგადებაზე დაფუძნებული ანტიპათია. იგი შეიძლება გამოხატულ იქნეს ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ან მისი ცალკეული წევრების მიმართ“. 
არსებობს უამრავი ცრურწმენა, რომლებსაც ადამიანები იჯერებენ და ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ყურადღებასაც კი აქცევენ. მაგალითად, ერთი წლის ბაშვის დაბადების დღის არგადახდა, ბედნიერების მომტანი წერილები, ბედობა, ჩვილის დაცვა თილისმებით, ჰოროსკოპი და ა. შ. 
ცრურწმენა ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არ გააჩნია სარწმუნოება და რაღაცის ხომ უნდა სწამდეს, როდესაც არ აქვს ჭეშმარიტი რწმენა. სწორედ მაშინ ჩნდება ცრურწმენა. ასეთია მართმადიდებლური სამღვდელოების პასუხი კითხვაზე თუ რა არის ცრურწმენა.

Изображение

ცრურწმენები ორგვარია: კარგის მომასწავებელი და ცუდის მომასწავებელი. მსოფლიოში გავრცელებული ცრურწმენებიდან რამდენიმე მათგანი მაინც ყველაზე პოპულარულია.

ცუდის მომასწავებელი ცრურწმენები

კიბეები

დიდი ხნის წინ მისადგმელი კიბე ადამიანის ჩამოსახრჩობად გამოიყენებოდა. სახრჩობელას კიბის უკანაკსნელ საფეხურზე ამაგრებდნენ ისე, რომ სიკვდილმისჯილი სამკუთხა ფორმის სივრცის შორის მოქცეულიყო.Изображениеარსებობს მოსაზრება, რომ, როდესაც ადამიანს ამგვარი მეთოდით დასჯიდნენ სიკვდილით, მისი სული მცირე ხნით კიბის ქვეშ ჩერდებოდა. სწორედ აქედან მომდინარეობს ცრურწმენა, რომლის მიხედვითაც კიბის ქვეშ, სამკუთხა სივრცეში გავლა ცუდ იღბალთან ასოცირდება.

გატეხილი სარკეები

ძველ დროში თურმე ბევრს სწამდა, რომ, როცა ადამიანი სარკეში იყურება ის საკუთარ სულ ხედავს, ანუ სარკეში ადამიანის სული აირეკლება. აქედან წარმოიშვა ცრურწმენა, თითქოს, სარკის გატეხვა ავს მოასწავებს.

Изображениеცუდი იღბალის თავიდან ასაცილებლად 7 საათში, მას მერე, რაც სარკე გატყდება (თითო საათი თითო “დაწყევლილი” წლისთვის) ნამსხვრევები მთვარის შუქზე, მიწაში უნდა ჩაიფლას.

შავი კატა

Изображение

შავი კატა უძველესი დროიდან მოიაზრება საფრთხის მანიშნებლად. ზოგიერთ თანამედროვე ადამიანს, როცა ფეხით სიარულისას წინ შავი კატა გადაურბენს, ურჩევნია გზა “სხვას” დაუთმოს.

ბუები

ერთ-ერთი გავრცელებული ცრურწმენის თანახმად, თუ ბუ თქვენს ფანჯარაში შემოიხედება, ან თქვენ მას დღის განმავლობაში დაინახავთ (რაც საკმაოდ იშვიათია), ცუდი იღბალი სამგზავრო ჩანთასავით გაქვთ ზურგზე აკიდებული.Изображение

ბეღურები

კიდევ ერთი ფრინველი, რომელიც ცრურწმენებთან ასოცირდება, ბეღურაა.

Изображение

არსებობს მოსაზრება, რომ ბეღურები მიცვალებულთა სულების მატარებლები არიან და მათი მოკვლა ცუდის მომასწავებელია.

რიცხვი 13

Изображение

რიცხვი 13 უძველესი დროიდან გამოირჩევა არაერთგვაროვანი დამოკიდებულებით. მრავალ ადამიანს ის თარს რიცხვად მიაჩნია. ამ შეხედულებას ბევრი თეორია უდევს საფუძვლად. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თეორია ქრისტეს მოწაფეს, იუდა ისკარიოტელს უკავშირდება. ბიბლიის მიხედვით, საიდუმლო სერობის ბოლო (ანუ მე-13) სტუმარი სწორედ იუდა იყო. რიცხვ 13-თან დაკავშირებულ ცრურწმენას სხვა საფუძვლებიც აქვს.

მარილი

Изображение

ერთ დროს სწამდათ, რომ მარილს სასწაულებრივი თვისებები გააჩნია. დღემდე, მრავალი ადამანისთვის მარილის დაბნევა ავის მომასწავებელია. ამ ცრურწმენის თანამოზიარეებს სჯერათ, რომ თუ სახლში მარილი ძირს დაიბნევა, ოჯახში ყველაფერი ცუდი, მათ შორის ვინმეს სიკვდილიც კი მოსალოდნელია.თუ გინდათ, რომ “სასწაულებრივი” მარილის წყევლა არ დაგატყდეთ თავს, როცა მარილი დაგებნევათ, სამარილე ზურგს უკან უნდა მოისროლოთ.

კარგის მომასწავებელი ცრურწმენები

 კურდღლის თათი

კურდღლის თათი საკმაოდ გავრცელებული თილისმაა. ბევრი მას ბედნიერების მომტანად მიიჩნევს. ჩვეულებრივ, მას ყელზე იკიდებენ, ან შარვლის უკანა, მარცხენა ჯიბეში უდევთ. ამ ცრურწმენის თანახმად, რაც უფრო ძველია კურდღლის თათი, მით მეტი იღბალი მოაქვს.

ცხენის ნალი

ძველი თქმულების თანახმად, ალქაჯებს არ უყვართ ცხენები და ცხენის ნალი მათგან “თავდასაცავად” კარგი საშუალებაა. თუ ცხენის დაკარგულ ნალს იპოვით, ისე, რომ მისი ჩაღრმავებული მხარე ზემოთკენ იქნება მოქცეული (ცრურწმენის თანახმად, “ბედნიერება” ნალის ჩაღრმავებულ ადგილას იყრის თავს), მას შეუძლია ბედნიერება მოგიტანოთ. მას შემდეგ რაც ნალს იპოვით, იგი სახლში უნდა მოიტანოთ და ოთახის კარის თავზე ჩამოკიდოთ (რა თქმა უნდა, ისე, რომ ბედნიერება ძირს არ გაგებნეთ). გარდა იმისა, რომ იგი ბედნიერებას მოგიტანთ, ბოროტი ალქაჯებისგანაც დაცული იქნებით.

Изображение

ფრინველის მკერდის ძვალი

Wishbone – სწორედ ასე ითარგმნება ინგლისურად ფრინველის მკერდის ძვალი (wish – სურვილი; bone – ძვალი). ორმა ადამიანმა ინდაურის ან ქათმის გამშრალი მკერდის ძვალი სხვადასხვა მხარეს უნდა მოქაჩოს. ძვალი გატყდება და ის, რომელსაც უფრო დიდი ნაწილი შერჩება ხელში, შეუძლია სურვილი ჩაიფიქროს.

სამყურა

სამყურა ბალახოვანი მცენარეა. ერთ-ერთი ცრურწმენის თანახმად, იგი ადამიანებსა და ცხოველებს ბოროტებისგან იცავს.

Изображение

სამყურას ღეროზე ჩვეულებრივ სამი ფოთოლი აქვს. ოთხფოთლიანი სამყურას პოვნა კი ზოგჯერ კარგ იღბალთან ასოცირდება. ეს ცრურწმენა უმეტესად ირლანდიელებშია გავრცელებული.

 Изображение
 
სტერეოტიპები
 
Изображение
ადამიანზე სოციალური ზეგავლენის მნიშვნელობის უარყოფა შეუძლებელია. თითოეული ადამიანი საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძველზე ვითარდება და ორმხრივი ურთიერთქმედების ეს სისტემა ყოვლად აუცილებელია. თუმცა ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი ნაკლი არის სტერეოტიპები (რწმენების ერთგვარი განზოგადებები), რომლებიც ადამიანში სოციუმთან ურთიერთქმედების აღქმის მყარი სქემებით არის წარმოდგენილი.
საუბარია სოციალურ სტერეოტიპებზე. ერთის მხრივ, სტერეოტიპები ადამიანს საშუალებას აძლევენ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მთლიანობაში, ერთიანი კომპლექსის მსგავსად, აღიქვან სიტუაციები, რომლებიც მათ ცხოვრებაში ხვდებათ, რამდენადაც სტერეოტიპები შეიცავენ სტანდარტიზებულ კოლექტიურ გამოცდილებას და ადამიანს რაიმე მოვლენის უბრალო საერთო ფორმულას სთავაზობენ. ეს ეხმარება ადამიანის ცხოვრებაში ორიენტირებაში და განსაზღვრული წესით მიმართავს მის ქცევას. ასეთი სტერეოტიპული აღქმა ავტომატურად ხორციელდება, მაგალითად, კოლექტიურ სოციალურ რწმენას «უფროსებს პატივი  უნდა ვცეთ», ცნობიერება ავტომატურად იღებს და ადამიანი აღარ განიხილავს დაწვრილებით რატომ უნდა ვცეთ პატივი უფროსებს, როგორ უნდა ვცეთ მათ პატივი, უბრალოდ ადამიანში უკვე არსებობს გაგების მყარი სქემა. ამაშია სოციალური სტერეოტიპის პლიუსი, ჩვენ არ გვიხდება დიდი რაოდენობის ყველა შესაძლო ინფორმაციის ანალიზი, სხვაგვარად თითოეული ადამიანი ამა თუ იმ მოვლენის ყველა დეტალის ქაოსში ჩაიძირებოდა. მეორეს მხრივ, სოციალური სტერეოტიპები რეალობის აღქმას ამახინჯებენ,  სიტუაცია ან ობიექტი მასობრივი წარმოდგენის თვალსაზრისით განიხილება, ფაქტების, თანამედროვე მახასიათებლების და ინდივიდუალური მიდგომის გათვალისწინების გარეშე. ის რაც კოლექტიური რწმენაა (საზოგადოებაში ცნობილი და მიღებული), აღიქმება, როგორც «კარგი», ხოლო ის რაც არაა მიღებული — აღიქმება, როგორც «ცუდი». გამოდის, რომ თუ ახალგაზრდა ადამიანი მოქმედებს სოციალური სტერეოტიპის გავლენით «ახალგაზრდობა რომანტიულობის და მეამიტობის დროა», ეს ნიშნავს, რომ მას ყველაფერი რიგზე აქვს. რა ხდება, მაშინ, თუ ის  ადექვატური რეალისტია? ამ შემთხვევაში, მას აშკარად რიგზე ვერ აქვს. ამგვარად, სოციალური სტერეოტიპების გავლენით ადამიანები არა მხოლოდ «იარლიყებს აკრავენ», არამედ აფასებენ «სწორია-არასწორია», ამგვარ შემთხვევებში შესაძლოა მოისმინოთ ფრაზები «ასე არავინ აკეთებს» ან  «ყველა ასე ცხოვრობს».
 
სოციალური სტერეოტიპების გარდა, რომლებიც ჯგუფთაშორისი ურთიერთობების სფეროზე მოქმედებს,  შეგვიძლია გამოვყოთ გენდერული (სქესის მიხედვით განსხვავებული) სტერეოტიპები — მამაკაცისა და ქალის გამარტივებული სქემატური და ემოციონალურად შეფერილი მყარი წარმოდგენები. ეს არის მასობრივი რწმენა იმისა, როგორ იქცევიან ნამდვილი მამაკაცები და ქალები. ამ სფეროში ჩატარებული კვლევების შედეგების თანახმად, გენდერული სტერეოტიპები ადამიანთა ქცევას არაცნობიერ დონეზე არეგულირებენ. თითოეულ ადამიანს აქვს კულტურის, აღზრდის და სოციალური ნორმების მოქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ქცევის გამარტივებული სქემების ნაკრები. აღნიშნულ სტერეოტიპებს ბავშვები უნებლიეთ ითავისებენ მშობლებთან, თანატოლებთან ურთიერთობის ასევე მიზანმიმართული აღზრდისა და სწავლების პროცესში. ბავშვი იბადება მდედრობითი ან მამრობითი სქესით, მაგრამ მხოლოდ აღზრდის შედეგად ხდება მამაკაცი ან ქალი, სწავლობს რა თავისი ქცევის შეწყობას მამაკაცის ან ქალისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნათა გარკვეულ ნაკრებთან. ამავე პრინციპით ხორციელდება ადამიანის  ქცევის კულტურული ნორმების სისტემაში შესვლის პროცესი. მისი ერთ-ერთო ცენტრალური ელემენტია გენდერული სტერეოტიპების (ვიზუალური, ემოციონალური და მორალურ-ეთიკური წარმოდგენები ქალისა და მამაკაცის შესახებ) გათავისება. ეს, რა თქმა უნდა, ამგვარი სტერეოტიპების არსებობის დადებითი მხარეა. მაგრამ ნებისმიერ მედალს ორი მხარე აქვს. ლიტერატურული წყაროების თანახმად, გენდერული სტერეოტიპი — ეს არის შეხედულება და შეფასება, რომელიც, როგორც წესი, დაფუძნებულია გენდერულ ცრურწმენებზე (წინასწარ შექმნილ უარყოფით აზრზე), და არა რაციონალურ ცოდნაზე. ამასთანავე, ამგვარი სტერეოტიპების უმრავლესობა ტრადიციულ პატრიარქარულ კულტურაში ჩამოყალიბდა, რომელიც ცხოვრების სხვადასხვა სფეროში (სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური) მთავარ როლს მამაკაცს ანიჭებდა. აქედან მოდის სტერეოტიპები: «ქალი სუსტი არსებაა», «ქალი დიასახლისი უნდა იყოს», «მამაკაცები საუკეთესი ხელმძღვანელები არიან», «მამაკაცი უნდა ფლობდეს ძალაუფლებას» და ა.შ.
Изображение
 
 

თანამედროვეობაში ეს სტერეოტიპები ძალას არ კარგავენ, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია «კოლექტიური გამოცდილების» სტერეოტიპებიც. ეს ის შემთხვევაა, როცა კონკრეტულ პიროვნებას მიეწერება ესა თუ ის თვისება მხოლოდ იმიტომ, რომ ის გარკვეული ჯგუფის წარმომადგენელია. მაგალითად, როდესაც მამაკაცი მეგობრებთან შეხვედრას აპირებს, ხშირად ქალის რეაქცია ასეთია: «რა თქმა უნდა ქალბატონებით გაერთობით თქვენს შეკრებაზე», ეს სხვა არაფერია, თუ არა სტერეოტიპი. ამ დროს, ქალი არ აღიქვამს თავის მამაკაცს, როგორც თავისას, ზუსტად მას როგორც პიროვნებას არ აფასებს, არ აკვირდება სიტუაციას. ამ მომენტში მოქმედებაში მოდის სტერეოტიპი «ყველა მამაკაცი ღალატობს ცოლს». და სადღაა პიროვნების ინდივიდუალური თვისებები?

მეორე მაგალითი, როდესაც მამაკაცი ქალის მიმართ თავის გრძნობებს მხოლოდ საჩუქრების გამოყენებით ამჟღავნებს, ამავე დროს არ თვლის საჭიროდ გაესაუბროს, მოუსმინოს, გაუგოს, გამოვლინოს ზრუნვა, სითბო და ალერსი. ის ფიქრობს, რომ ოქრო და ბრილიანტები ან ცხოველის ბეწვი (ქურქის სახით) — მხოლოდ ესაა ყველაფერი რაც ქალს სჭირდება. ამასთანავე ოჯახში წარმოქმნილ კონფლიქტებსაც ის მატერიალურ დონეზე აგვარებს. ამგვარად ცოლისთვის ნაჩუქარი თითოეული ბეჭედი, სამაჯური ან ძვირფასი თეთრეული აღმოჩნდება მისი «მაპატიე, არ ვიყავი მართალი» ან  «მე შენ მიყვარხარ». სულიერი ღირებულებები იმდენად უფასურდება, რომ ადრე თუ გვიან, თავმოყვარე ქალი დაიღლება ურთიერთობებში სულიერი ნაწილის არარსებობით და გადაუწრვეტელი პრობლემებით, რომლებიც საჩუქრების მიუხედავად, შინაგანად ღრმა კვალს ტოვებენ. ეს ყველაფერი კი იმის გამო ხდება, რომ მამაკაცი მოექცა სტერეოტიპის «ქალებს მხოლოდ ფული სჭირდებათ» მოქმედების ქვეშ. მოცემულ შემთხვევაში მამაკაცი არ აღიქვამს თავის მეუღლეს, როგორც ინდივიდს, ვერ ხედავს მის თვისებებს, მოთხოვნილებებს, სურვილებს. ის მას უცხო სახეს არგებს, იქცევა ილუზიური აღქმის თანახმად და მეუღლისგანაც ამ ილუზიისადმი შესატყვისობას მოითხოვს.

ჩვენს ცხოვრებაზე სტერეოტიპების მოქმედების უსასრულოდ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ერთი კი ფაქტად რჩება, არ შეიძლება სტერეოტიპებს ცალსახად ვუწოდოთ კარგი ან ცუდი, ბევრია დამოკიდებული თავად ადამიანზე, ჩვენ ხომ ყველაფერს, რასაც ვითვისებთ სოციუმისგან, ჩვენი თავის გავლით ვუშვებთ ჩვენში და ვაკეთებთ არჩევანს «მე ისეთივე ვარ, როგორიც სხვები» ან «მე მე ვარ და Yველაფერი ჩემებური მაქვს». დამეთანხმებით უცნაურია ისე მოექცე ახლობელ ადამიანს, როგორც ვიღაც უცნობს და ააწყოთ მასთან ურთიერთობა არა ისე, როგორც ამას თავად გააკეთებდით, არამედ უცხო «კოლექტიური გამოცდილების» თანახმად.

ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენ ეს თქვენ ხართ და შეუძლებელია გქონდეთ ყველაფერი ისე, როგორც ეს თქვენი ქუჩის მეორე ბოლოში მცხოვრებ მეზობელს აქვს. მნიშვნელოვანია საკუთარ თავში დარწმუნებული იყოთ და ყოველთვის დარჩეთ ადამიანად. ამ შემთხვევაში სტერეოტიპებთან ერთად ცხოვრებაც შეიძლება.

ნიკო გომელაური

Изображениеეს არის ნიკო გომელაურის ლექსების კრებული, ვისაც გიყვარდათ ეს ადამიანი აუცილებლად დაგაინტერესებთ.

***
ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია…
აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,
აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი…
აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში,
აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ “ბებერი ალაზანში კიდია”…
აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები…
ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა
***
არ ჩერდებაო დრო,
ვიღაცა ბრძენმა ბრძანა…
და ეთანხმება ბრბო,
ასე არ არის განა?!
-როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა…
***
გადის ცხოვრება, გადის…
მაისი თრთოდა
სხვადასხვა ფერად,
მოხვედი, ჰოდა:
ვიყოთო ერთად…

უსიტყვოდ გენდე
(ნეტავ ვინ მთხოვა?)
და იმის შემდეგ
არ წყდება თოვა…
ცხოვრება გადიიიის…
***
ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.
***
აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი…
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი…
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა…
***
ზღვამ გადაყლაპა მზე,
შეიგრძნო მისი ეშხი…
როგორც შენ ერთხელ მე,
შემომიტყუე შენში…
***
დაიღალა მთვარე ღამით,
დღემ დაღალა მზე.
დაიღალნენ მთები ზვავით,
ზღვამ იცვალა ზნე.
***
დაღლილ ნოტებსაც კი ვხვდები
-sol-fa-mi-re-do
ერთადერთი, ეს თავხედი,
არ იღლება დრო…
***
წვიმის შემდეგ ზღვა გამოყრის ნაგავს,
სანაპიროს რითი აღარ გვივსებს…
ჩემი გული ნაწვიმარ ზღვას არ ჰგავს,
-შიგ იტოვებს ჩაჯანგებულ ისრებს…
***
იბრძვიან, ნაღდი ომია
(შუაში მსაჯად ვდგევარ),
სული და ფიზიონომია.
დამნაშავე კი , მე ვარ…
***
მე რომ შემეძლოს ჩხუბის ატანა,
ქუჩა-ქუჩა კი აღარ ვივლიდი,
ჩვენ ვიქნებოდით ერთად პატარავ
და როგორც სულთანს შენ მომივლიდი…
***
მაგრამ სად არი ბაირამობა
-ბედი დაგდევდეს ფეხდაფეხ სულ თან.
ეს ალბათ უკვე აღარ გამოვა,
სულთანი არის შორი შენს სულთან.
***
ჩემი ქვეყანა-მზიანი,კოხტა…
ჩემი ქვეყანა ნახევრად მოკვდა…
ჩემი ქვეყანა მუშტში ეტევა…
ჩემი ქვეყანა გულის შეტევა…
ჩემი ქვეყანა სულგაშლილია…
ჩემი ქვეყანა სულ დასჯილია…
ჩემი ქვეყანა-ჯართის დარაჯი…
მე ვრჩები.შენ კი,თუ გსურს გააჯვი…
***
ღმერთს არ ეშლება, როცა თქეშია.
არ ეშლებოდა შექსპირს კაფია.
მე კი, შემინდეთ, ბევრი შემშლია.
ესეც პატარა ეპიტაფია…
***
წარმომავლობით ძველ-ბერძენია.
სთქვა: ის ვიცი რომ, არა ვიცი რა!
ჩემს საქმეში კი ყველა ბრძენია
-მე რაც არ ვიცი, ისიც იციან…
***
სამშობლო მართლაც ჩემი ხატია!
-ამ ხატს რამდენი ჭუჭყი ატყვია?!
***
ღვთის წინაშე ჩემი ბრალი
არის ის, რომ სულ ვარ მთვრალი:

ღვინით, ლექსით,
წვიმით, სექსით,
სცენით, სიმით,
ამით, იმით…

მუდამ ასე მიწევს თრობა
-ჩემი ,,მე,, ამით ერთობა…
***
პოეტი, ურცხვი სუტენიორია!
ეს სიმართლეა განა ჭორია.
როცა ლექსებით წიგნი ევსება,
მის მუზას ყველა ეალერსება…
***
ვის გაუგია ივლისში თოვა?!
მაგრამ, თუ მთხოვე, მე თოვლად მოვალ.
მოვალ და შენში ვიპოვი ყვავილს,
რომელიც თოვლის ალერსით ყვავის…
***
წავედი… ალბათ მომბეზრდა ბრძოლა,
მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის,
ჯდომა, კი არა ნემსებზე წოლა,
აღიარება მომბეზრდა ბრალის.
***
წავედი… ალბათ არ ღირდა წასვლა,
არც მოსვლა ღირდა, მაგრამ, ხომ მოხდა,
არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა,
არც, თუ გახაზავ იმაზე ოხვრა.
***
რაღაც… უცებ… სადღაციდან
რომანტიზმი მეცა…
კი მოვწყვეტდი ვარსკვლავს ციდან
-მენანება ზეცა!
***
ზეციდან კი არ დავწყვიტავ
(ასე კი არ ვაფრენ)
-ვარსკვლავებად გადავწყვიტე,
ჩემს სტრიქონებს გავფენ…
***
აღარც ფიცი არ მწამს.
არც მაკვირვებს ბოლო.
შენზე ფიქრი დამწვავს,
შე… ქალღმერთის ტოლო!
***
არ ვიქნები ფიცხი.
ერთ რამეს გთხოვ მხოლოდ:
სხვას მიეცი ფიცი,
მე მომეცი,,ბოლო”…
***
მინდა რომ, ჩემო ლამაზო,
ერთი რამ შემოგთავაზო:
ეგ კულულები მკერდზე მეფაროს,
შენი სიზმრების დაცვა მებაროს.
შენ, ჩემი გულის ფეთქვას განაგებ,
მე კი, ლექსებით მოგამარაგებ…
***
შენი ხელი ხელს ჰბანდა,
შენი ხელი ცვდებოდა.
მეც გეცვითე ხანდახან,
განა მეწყინებოდა…
***
ვუყურებ სარკეს
და მაინც შენ გხედავ!..
გიყურებ – მამტვრევს,
მაგრამ თქმას ვერ ვბედავ.
***
ტვინიდან, უაზრო აზრებსაც ვერ ვდევნი.
ხარ გამოგონილი ჩემს მიერ შედევრი.
***
რამდენჯერ დავღონდი, რა აღარ ვიღონე…
რაში მჭირდებოდა, რად გამოგიგონე?…
***
ჩემი ლექსები, დღეს შენ გეძღვნება,
თუმცა, მცირეა ვიცი ეს ძღვენი.
მაგრამ, თუ გინდა ფრენის შეგრძნება,
მოდი მომენდე , მოდი მიგრძენი…
***
არათავმდაბლური ლექსი
მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები…
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?
***
ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.
თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები…
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!
***
ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები,
თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები…
მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები…
მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.
***
თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება,
ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?
***
10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი
საუკუნეა რაც შეგიყვარე
***
. . .

დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.

რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი
უმარტივეს ლექსად.
წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,
ვერ ვიშორებ ვერსად.
***
როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,
მახსენდება პაპა.
ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს
დედაჩემის კაბა.
***
ცის ცრემლებზე მახსენდება
მე სიტყვები მამის . . .
ღვინო სანამ გამეხსნება,
მეც ავტირდე ლამის.
***
ღამე სმაში მათენდება
დამეკარგა ღერძი . . .
კიდევ რა არ მახსენდება,
კიდევ რას არ ვებრძვი.
***
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
დრო ყველაფრის მკურნალია
-ოღონდ ჩემი არა…
***
ღმერთმა ასე ინება
-მიგვაქანებს დინება…
***
მე კი, თუნდაც მისტვინოთ
(ჩემთვის დიდი ქებაა),
ვცურავ საპირისპიროდ
-ესეც მისი ნებაა…
***
აღარ გვჯერა სასწაულის
(ამიტომაც გაჭირდა),
არც მომავლის, არც წარსულის…
ადრე, მსგავსი არ გვჭირდა.
***
დავიპყარით უკვე მთვარე
-განა კვლავ ქალწულია!..
ჩემთვის კი, რომ შემიყვარე,
ესეც სასწაულია…
***
ვინ სთქვა, რომ სდუმან პირამიდები?!
– ისე გულწრფელად ვლაპარაკობდით…
მეც მათთან ცრემლებს არ ვერიდები,
გუშინ ასაკზე ერთად ვდარდობდით.
***
გადაუქანცავთ არაფრის ლოდინს,
რომ დავაწყნარო, რას არ ვპირდები…
მაგრამ, მორიგი ტურისტი მოდის
და ჩუმდებიან პირამიდები…
***
ოჰ, მატყუარა პირამიდები
– ჩემსა და ზეცას შორის ხიდები…
***
1 . სუნი და ფერი დაკარგეს ვარდებმა.
მე კი დღეს დავკარგე აზრი-სიყვარული.
მართლაც ყველაფერი ალბათ დროს ბარდება
მარტო მომიწევს ახლა სიარული.

2. მაგრამ, ვარდი ხომ მაინც ვარდია.
მკვდარი, მოჭრილი ვიღაცის ხელით.
ჩვენი გრძნობა კი, მჯერა მზარდია.
ძლიერ მიყვარხართ, გკოცნით და გელით.

3. ქრისტე გაჰყიდეს ოცდაათ ვერცხლად
ჩემში მოგცემდნენ შენ ბევრად ნაკლებს.
ვინ იფიქრებდა-აღარ ვართ ერთად.
მადლობა ვუთხრათ გამოცდილ მაკლერს.

4. რად ააფარე სიყვარულს ჩადრი?
მე მეცინება-სხვას როგორ მადრი.
სინდის-ნამუსი,ზრდილობა,ყადრი
— მორჩა. გათავდა აქ გაწყდა კადრი
***
დაუქოქავი საათი
ვითხოვ ღირსეულ წრეს.
დროსთან გავმართე კამათი,
დრო არ ჩერდება, წვეთს…

წლები წინდაწინ იწევენ,
ითხოვენ თავის წილს.
ანგარიშს არც კი მიწევენ.
ცოტა არ იყოს მწყინს.

წვეთენ წამები, წუთები.
დრო სისხლს და სახსრებს მწოვს.
დროს ხომ ვერ გაებუტები?
-ხათრი არა აქვს დროს…
***
მღვდლებმა მითხარით , ან წარმართებმა ,
რა მემართება? რა მემართება?
ტყუილი , ნეტავ , რას მემართლება,
რა მემართება? რა მემართება?
გული თავისით არ იმართება,
რა მემართება? რა მემართება?
სული დამისხამს, ტვინი დათვრება,
რა მემართება? რა მემართება?
რად გამიტაცეს ცრუ მიმართვებმა,
რა მემართება? რა მემართება?
უსახურობა სახეს მართმევდა,
რა მემართება? რა მემართება?
ალბათ, თავდახრა უფრო მმართებდა,
რა მემართება? რა მემართება?
ბედი ბედავდა, სად არ მათრევდა,
რა მემართება? რა მემართება?
***
,,რა მემართება? რა მემართება?”
— მაინც თავისით წარიმართება . . .
***
…რა უცნაური დადგა დროება
აცდენილია ხმა და ტკივილი
გუგუნს როგორ ჰგავს ეს მყუდროება
დუმილს როგორ ჰგავს ჩემი კივილი…
***
რამდენი ვინმე ჩაგიყლაპია ზღვაო!..
დაუღალავად,ხშირი ტალღებით ხვნეში.
გაუმაძღარო, ალერსიანო ძმაო,,
რაღაც უმსგავსო მსგავსება არის ჩვენში…
***
ქალის არ მესმის
(ვბორგავ და ვხვნეში)…
რამდენი გესლი
მქონია ნეკნში…
***
ოპტიმისტური ლექსი

კვლავ ცივი დეკემბერია,
კვლავ გაიხადა ტყემ,
კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია,
მაგრამ… იმატა დღემ.

ისევ მაკივლებს შაკიკი,
ისევ წამერთვა ხმა,
ისევ არა მაქვს კაპიკი,
მაგრამ… არ მცვივა თმა.

თუმცა მებმევა ენა,
თუმცა მაკლია თვალს,
თუმცა არა მაქვს სმენა…
მაინც მოვწონვარ ქალს.

თუმცა მარტო ვარ მუდამ და
თუმცა დავუთმე მტერს,
თუმცა ცრემლები მგუდავდა,
ლექსი ხო მაინც მწერს.
***
ირგვლივ იმდენი ყალბია
და ჩემთან ერთად სვამს.
ირგვლივ გვამები დარბიან
სამაგიეროდ მწამს:

როგორც არ უნდა გათოვდეთ,
გტკიოდეთ, ცუდად იმღეროთ.
-ყოველთვის არის , გახსოვდეთ,
,,მაგრამ” და ,,სამაგიეროდ
***
როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .
ასე ამბობენ – ჰქონდა წვერები .
ორი ათასი წელი განვიცდი . . .
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :
***
როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
— ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.

არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .
იცის მოკლავენ , განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?!
— თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .

ისტორიაში დარჩა იუდა !
-დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .
***
მოიწყინა ქვეყანამ,
უკვე კარგა ხანია .
სიმართლის მთქმელს ვერ ნახავ,
ვეღარც კარგი ბანია .
***
ვეღარ გაგვირჩევია
უცნობი და ნაცნობი . . .
მომავალი ჩვენია
— მომავალი ღვარცოფი . . .

მომავალი მეხია ,
მომავალი გვალვაა !
მუმლი გადაგვეხვია
წინ ჩირგვებში მალვაა . . .
***
ჭკუა აღმართს ვერა ხნავს ,
ბრბოს მაგივრად მრცხვენია . . .
და ამ ჩემს კარგ ქვეყანას
მაზედ მოუწყენია . . ..
***
მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენ , რა იპოვე ჩემში ?!
შენ – წმინდა სანთლის ღვენთი.
მე – გაფანტული ხრეში.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენში ის თავს გრძნობს კარგად.
ჩემში კი სველი დენთი
— აღარ ღირს დროის კარგვად.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
ტერფებთან გინთებ სანთლებს . . .
და თუ ასეა – წვეთი ,
ნამუსი მაინც მმართებს . .

Изображение

2013 წელი-გველის წელიწადი. როგორ შევხვდეთ მას?

Изображение

2013 წელი გველის წელიწადია. ურიგო არ იქნება, თუ გვეცოდინება როგორ შევხვდეთ ამ წელიწადს, რომ შემდეგ ბედნიერად გავატაროთ იგი.

 

გველი-მატერიალისტია და ძალიან აფასებს სურვილს აღიდგინო ან გააძლიერო ფინანსური სტაბილურობა. ამ ნიშანმა ყოველთვის ნათლად იცის რა სურს და აჯილდოვებს მათ ვისაც აქვს სწორი პრიორიტეტები.

 

აუცილებელია შეურიგდეთ ყველას-საყვარელ ადამიანს, ოჯახის წევრებს და მეგობრებს-თუკი ვინმესთან ცუდი ურთიერთობა გქონდათ და ნაჩხუბარი იყავით, რადგან გველს არ უყვარს სკანდალები და იგი უპირატესობას ანიჭებს სიმშვიდეს და სტაბილურობას, ამიტომ დაივიწყეთ ყველანაირი წყენა და გადადგით პირველი ნაბიჯი.

ჰარმონია ოჯახში, ურთიერთგაგება და დღესასწაულის აღნიშვნა ვიწრო, ოჯახურ წრეში-ეს ალბათ უფრო მეტად ესიამოვნება გველს, ვიდრე ხმაურიანი თავყრილობა.

Изображение

გველი ძალიან სუფთაა და იგი წელიწადში რამდენჯერმე იცვლის ტყავს, ამიტომ ჩინელი ბრძენები გვირჩევენ, რომ სახლში გენერალური დასუფთავება ჩაატაროთ ახალ წლამდე და ამით ყველა წარუმატებლობას გაატანთ ძველ წელიწადს.

 

გველს არ მოსწონს დიდი და ხმაურიანი კომპანიები ღია სივრცეში. ხმამაღალი სიცილი, მუსიკა და ცეკვები აღიზიანებს მას. ოჯახურ ღირებულებებს დიდ უპირატესობას ანიჭებს. ამიტომ იდეალური იქნება თუ გველის წელიწადს ოჯახურ სიმყუდროვეში შეხვდებით.

 

საახალწლო სუფრა აუცილებლად უნდა იყოს ლამაზი ქსოვილისგან, არანაირი მყვირალა ფერები. იდეალური იქნება, თუ საახალწლო სუფრას ბროლით და ფაიფურის ჭურჭლით გააწყობთ. მნიშვნელოვანია, რომ ნაძვის ხე არ იყოს გადატვირთული. გველის წელიწადისთვის იდეალური იქნება, თუ ნაძვის ხეს ერთ ფერში მორთავთ.

Изображение

 

ძირითადი ფერები გველის წელიწადში-შავი, ნაცრისფერი, ლურჯი, ცისფერი და მწვანე. გარდა ამისა, გველს უყვარს ოქროსფერი და ვერცხლისფერი, ხოლო წითელ ფერს ჩინური ტრადიციის მიხედვით ყოველთვის მოაქვს ბედნიერება, ამიტომ წითელი ყოველთვის აქტულურია.

ნატურალური გველის ტყავისგან დამზადებული სამოსით ნუ დახვდებით გველის წელიწადს, რადგან ეს არ მოეწონება მას.

 

ვარცხნილობა უკეთესია თუ გექნებათ გლუვი და სიმეტრიული.

 

საახალწლო მაკიაჟში თვალებზე უნდა გააკეთოთ აქცენტი, მკვეთრად უნდა იყოს გამოხატული თვალის კონტური. ფრჩხილები საურველია გქონდეთ გრძელი და ლაქი უნდა იყოს მკვეთრი ფერის.

Изображение

 

ბედნიერებას და წარმატებას გისურვებთ დამდეგ 2013 წელს, იმედია ჩემი რჩევები გამოგადგებთ.

 

სიცილი-ჯანმრთელობის ,,ვიტამინი»

Изображение

ვიცით,რომ სიცილი ადამიანს უფრო მიმზიდველს ხდის.ღიმილით თითქოს რთული პრობლემაც მრტივად გადაიჭრება,მაგრამ სიცილს ბევრი სხვა დადებითი თვისებაც აქვს…

*10-15 წუთი სიცილი ზუსტად იმდენ კალორიას წვავს,რამდენსაც სატრენაჟორო დარბაზში ნახევარსაათიანი ვარჯიში..

*სიცილის დრო ჰაერი ფილტვებიდან 100 კილომეტრ-საათში ამოვარდება;

*არსებობს მცენარე,რომელსც ,,სიცილის ყვავილს» უწოდებენ.თუ მის ერთ ფოთოლს შეჭამთ,მინიმუმ ნახევარ საათს იცინებთ.ამ ყვავილის ეფექტს ჯერ კიდევ საუკუნეების წინათ,აღმოსავლეთში მედიცინაში იყენებდნენ ექიმები

*სიცილის დროს,სრული დაძბვით კუნთების 80 ჯგუფი მუშაობს.ყველაზე კარგად სიცილს გრძნობენ ზურგისა და ფეხის კუნთები

*სიცილი ისევე დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე,როგორც ვიტამინები იცავენ ორგანიზმს ვირუსებისგან

*ადამიანს შეუძლია,იხარხაროს მაქსიმუმ ერთი საათი.თუ სიცილი უფრო დიდხანს გაგრძელდა ეს ნერვული სისტემის დაზიანებაზე მიუთითებს

*ყველაზე მხიარული და სიცილის მოყვარული ხალხი ბრაზილიასა და კუბაში ცხოვრობენ

*მეცნიერებმა დაამტკიცეს,რომ ადამიანმა სიცილი 10 მილიონი წლის წინ ისწავლა

*არსებობს სიცილის 400 ვარიანტი.ის შეიძლება იყო:სიხარულის,სევდის,აღტაცებისა და აღშფოთების გამომხატველი..ჭკვიანური და სულელური,ირონიული და აგრესიული,უმიზეზოც,უსირცხვილოც,მორიდებულიც..ერთი სიტყვით იცინეთ რამდენიც გნებავთ და როგორც გნებავთ.

ადამიანის ორგანიზმის იდეალური ბიორიტმი

Изображение

ამერიკელმა ბიოლოგებმა რამდენიმეწლიანი დაკვირვების შემდეგ ე.წ. “საათობრივი განრიგი” შეადგინეს. სპეციალისტების თქმით, ჩვენი ორგანიზმი საათის მექანიზმს ჰგავს, რომელიც განსაზღვრულ რიტმს ემორჩილება და საკმარისია, რომელიმე „ზამბარა“ მწყობრიდან გამოვიდეს, რომ მაშინვე პრობლემები იჩენს თავს. ადამიანის ორგანიზმის იდეალური ბიორიტმი ასე გამოიყურება:

 

07:00 – ეს არის იდეალური დრო გაღვიძებისთვის, რადგან თირკმელზედა ჯირკვლები ჰორმონების პირველ „ულუფას“ გამოყოფენ. სწორედ ის ახდენს გავლენას პულსის გახშირებასა და სისხლის მიმოქცევის აჩქარებაზე.

 

07:30 – ვარჯიშის ან მცირე გასეირნების წყალობით დილიდანვე მიიღებთ მთელი დღისთვის საჭირო ენერგიას.

 

08:00-09:00 – კუჭი აქტივობის მწვერვალზეა. ამ დროს იგი სწრაფად გადაამუშავებს საკვებს და მაქსიმალური რაოდენობის ენერგიით ამარაგებს ორგანიზმს. უმჯობესია, საუზმეზე მიირთვათ შვრიის ფაფა, ხილის იოგურტი, ერთი ნაჭერი ხორბლის პური. ყავის ნაცვლად კი დალიეთ მწვანე ჩაი, ეს შრომის უნარს შეგინარჩუნებთ.

 

12:00 – ამ დროს გული სრული დატვირთვით მუშაობს, ამიტომ ნუ გადაიტვირთებით ზომაზე მეტად. კარგი იქნება, თუ უარს იტყვით ყავასა და შოკოლადზე. ბიოლოგები გვირჩევენ, ეს დრო ინტელექტუალურ სამუშაოს დავუთმოთ. სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ამ დროს ყველაზე რთული ამოცანების გადაწყვეტას შევძლებთ. ორიგინალური იდეებიც მრავლად გვექნება.

 

13:00 – სრულფასოვანი სადილის დროა. სასურველია, ის ცილებითა და რთული ნახშირწყლებით იყოს მდიდარი. დესერტად მწარე შოკოლადიც შეიძლება დააყოლოთ. სადილის შემდეგ საქმეებს მაშინვე ნუ შეუდგებით, რადგან ამ დროს ბიორიტმის შენელება იწყება, ორგანიზმს დასვენება სჭირდება.

 

14:00 – კარგი იქნება, თუ ამ დროს დაგეგმავთ ვიზიტებს.

 

15:00-16:00 – ამ პერიოდში გული “თვლემს”, ტვინსა და შინაგან ორგანოებში სისხლის მიმოქცევა შენელებულია. კარგი იქნება, თუ ამ საათობრივ ზოლში დაიძინებთ.

 

17:00 – იგრძნობა სასიცოცხლო ძალების მომატება. ტონუსის ასამაღლებლად ნებადართულია შავი ყავის ან რამდენიმე ულუფა მწარე შოკოლადის მიღება.

 

18:00-19:00 – სამუშაო დღის შემდეგ ორგანიზმს დამშვიდება სჭირდება. ეს იდეალური დროა მასაჟისთვის. ის გააძლიერებს სისხლის ცირკულაციას, მოხსნის კუნთების დაძაბულობას და საშუალებას მოგცემთ, მოეშვათ.

 

20:30 – ეს ის პერიოდია, როცა თქვენს კანს უნდა მიხედოთ. თავდაპირველად ზედმიწევნით უნდა გაიწმინდოთ ის, მერე კი მკვებავი ნიღაბი გაიკეთოთ. ფორები ღრუბელივით იწოვენ ფერმენტებს, რის შედეგადაც კანი ღამის განმავლობაში ისვენებს და აღდგება.

 

22:00-23:00 – ძალების აღდგენისთვის საჭიროა არანაკლებ შვიდსაათიანი ღრმა და სრულფასოვანი ძილი. სანამ დაწვებით, საძინებელი გაანიავეთ და ნელ-ნელა დალიეთ ერთი ჭიქა თაფლიანი რძე.